აზოვის ბატალიონი მარიუპოლში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე დამატებით ცნობებს ავრცელებს.
ჯარისკაცები ამბობენ, რომ რუსებმა 11 აპრილს სამხედროების და სამოქალაქო პირების მიმართ მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. გავრცელების ეპიცენტრი არ ყოფილა სამოქალაქო ადამიანების ადგილსამყოფელთან ახლოს, შესაბამისად, სუბსტანციასთან მათი კონტაქტი მინიმალური იყო.
ჯარისკაცები ყვებიან, რომ ამან გადაარჩინა მათი სიცოცხლე, თუმცა, მოჰყვა გარკვეული უარყოფითი შედეგები.
"ამ დროისთვის შეუძლებელია, ზუსტად დავადგინოთ, რა ნივთიერება იქნა გამოყენებული, ვინაიდან სრულ ბლოკადაში ვართ, ხოლო იმ ადგილს, საიდანაც ნივთიერება გაუშვეს, რუსები აკონტროლებენ.
მოულოდნელად, მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა ათასობით სამოქალაქო პირი დახოცეს მარიუპოლში, ჩვენ შესახებ ლაპარაკი მხოლოდ ქიმიური თავდასხმის შემდეგ დაიწყო, თუმცა, ქალაქს ყოველდღიურად ესხმიან თავს ავიაციით, ზღვიდან, მძიმე ცეცხლისმსროლელი იარაღიდან, არტილერიიდან, ისვრიან ფოსფორის საბრძოლო მასალებს". - თქვა აზოვის პოლკის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ.
ბატალიონის სამხედრო ექიმი ამბობს, რომ ყავთ ქიმიური თავდასხმის რამდენიმე მსხვერპლი.
"მათ აქვთ სიმპტომები: ჰიპერემია (სისხლის დიდი ნაწილის დაგროვება ამა თუ იმ ორგანოში), მაღალი წნევა, საყლაპავი მილის და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება. ჩვენ მათ გავუწიეთ სიმპტომატური პირველადი დახმარება, რამდენადაც ეს ამ პირობებში შესაძლებელია".
აზოვის პოლკის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს მოქალაქეც, რომელიც მოწამვლის შესახებ ყვება.
"დავინახეთ თეთრი კვამლი ქარხანაზე. მალევე ცუდად გავხდით: ყურებში ხმაური, ტაქიკარდია და სისუსტე ვიგრძენით. ძლივს გავირბინე 10 მეტრი. დედამ გონება დაკარგა. იქ ორნი ვიყავით და აქ დედაც ცუდად გახდა. ყველას ერთნაირი სიმპტომები გვაქვს: სისუსტე, ტემპერატურა, ტაქიკარდია, ხმაური ყურებში. წნევა ჯერ მაღლა ადის და შემდეგ დაბლა ჩამოდის და შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. ეცემი. რაღაცნაირ ტკბილ გემოს გრძნობ". - თქვა მან.
ვიდეოში ჩანს ამ მოქალაქის დედაც, რომელიც წევს და ამბობს, რომ ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან და საჭიროა მათი ევაკუაცია.
"სამი თავდასხმა იყო. მე გონება დავკარგე. ძლივს გადავრჩი. სიარული არ შემიძლია. მანამდე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალური იყო".
იმავეს ყვებიან სხვა ადამიანებიც, რომლებიც აზოვის პოლკის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანან.
აზოვის ბატალიონის დასკვნით, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მათ წინააღმდეგ მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს.
11 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე აზოვის ბატალიონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინელი სამხედროების და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მარიუპოლში უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. რუსებმა ის უპილოტო საფრენი აპარატით ჩამოაგდეს.
მარიუპოლში სავარაუდოდ ქიმიური იარაღის გამოყენებამდე რამდენიმე საათით ადრე ოკუპირებული დონეცკის რეჟიმის წარმომადგენელმა, ედუარდ ბასურინმა რუსულ პროპაგანდისტულ არხზე თქვა, რომ ხედავს შესაძლებლობას, მარიუპოლში უკრაინელების წინააღმდეგ სწორედ ქიმიური იარაღით იბრძოლონ.
კერძოდ, როგორც ბასურინმა თქვა, მარიუპოლის მცველები აზოვ სტალის ქარხანაში არიან გამაგრებულები და მათი შტურმით აღების შესაძლებლობა არ არსებობს, ვინაიდან ეს რუსულ ჯარში დიდ ფიზიკურ დანაკარგს გამოიწვევს.
ამიტომ, მისი განცხადებით, საჭიროა ქიმიური ჯარების ჩართვა და "თხუნელების სარდაფებიდან გამოტყუება" ვინაიდან აზოვის ბატალიონის და მარიუპოლის მცველების დამარცხება მხოლოდ მასობრივი განადგურების იარაღით არის შესაძლებელი.
ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაშია. რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, მოქალაქეთა ნაწილი კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ.
მარიუპოლში რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა იბრძვის.
უკრაინა მათი სამხედრო ძალით დახმარებას ვერ ახერხებს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა თქვა, უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქამდე ვერ მივლენ, ვინაიდან მათ რუსული არმია როსტოვის ოლქიდან და ყირიმიდან დაბომბავს იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორია, რომელიც რუსულმა ავიაციამ უნდა გადაიფრონოს, რუსეთის მიერ კონტროლდება.